ათონის წმინდა მთის სამკურნალო მცენარეები
5 Νοεμβρίου 2010
ათონის წმინდა მთის ენდემური ჯიშის რამოდენიმე მცენარეს აღმოაჩნდა ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო თვისებები, როგორიცაა რევმატიზმი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, ალერგიები და ა.შ.
იტალიელი მეცნიერების დახმარებით, რომელთა შორის გამორჩეულია ვიტერბოს უნივერსიტეტის პროფესორი რობერტო მიჩინილი, შეიქმნა ვატოპედის მონასტერთან არსებული ასეთ სამკურნალო მცენარეთა კვლევისა და შესწავლის ცენტრი.
„ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით“, განუცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა agioritikovima.gr – ს ჟურნალისტს გეორგ თეოხარისს. „მონაზონთათვის ადამიანის სულის კურნება ერთადერთი მიზანი არ არის. ჩვენ ასევე ძალიან მონდომებულები ვართ დავეხმაროთ ადამიანს სხეულის განკურნებაში, რადგანაც ადამიანი შედგება როგორც სულის ასევე ხორცისაგან. იმედი გვაქვს, ამ მიზანს იმ სამკურნალო მცენარეების საშუალებებით მივაღწევთ, რომლებიც ხარობენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ“, დასძინა მამა ეფრემმა.
მონასტრის წინამძღვარმა ასევე აღნიშნა, რომ იტალიელმა მეცნიერებმა, რომლებიც ესწრებოდნენ სამკურნალო მცენარეების შემსწავლელი ცენტრის საზეიმო გახსნას, მონასტრის მამებს შეასწავლეს სწორად მკურნალობის ძველთაძველი, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები.
ეკოლოგიის საკითხები ზოგიერთ ეკლესიურ წრეებში არასწორად არის აღქმული. ეკოლოგიის შესახებ დასმულ კითხვაზე არქიმანდრიტმა ეფრემმა უპასუხა: „ჩვენ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ მხარდაჭერილ ეკოლოგიის საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ამ ეკოლოგიურ წამოწყებებს პატრიარქი ბართლომე მეთაურობს. როდესაც ეკოლოგია არის სწორად გათვალისწინებული, შესაბამის შედეგებსაც იძლევა. ბევრი ჩვენი სტუმარი, რომელმაც მოიხმარა ჩვენი სამკურნალო მცენარეები, დადებით შედეგებზე საუბრობს.“
როგორც პროფესორმა მიჩინილიმ აღნიშნა, წმინდა მთის მცენარეები იმიტომ შეარჩიეს, რომ ეკოლოგიური დაბინძურების არარსებობის გამო ეს გარემო „სამკურნალო მცენარეების ნამდვილ სამოთხეს“ წარმოადგენს. „აქ ჩვენ პროგრამას დავიწყებთ ორმოცდაათი სახეობის მცენარით“, თქვა მან; „არსებობს მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების უძველესი ტრადიციები, რომელთაც შესაბამისი დადებითი შედეგები მოაქვს“, დასძინა პროფესორმა.
„სამკურნალო მცენარეების საშუალებით შესაძლებელია ისეთ სნეულებათა მკურნალობა, როგორიცაა რევმატიზმი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, სხვადასხვა ალერგიები. ასევე სხეულში მინერალების შემადგენლობის აღდგენა და იმუნური სისტემის გაძლიერება. ვატოპედის მონასტერი პირველია, ვინც შექმნა ასეთი ცენტრი. არქიმანდრიტმა ეფრემმა მხარი დაუჭირა სამკურნალო პროგრამას და დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს სამეცნიერო პროექტი“, განაცხადა პროფესორმა მიჩინილიმ.
ცენტრის გახსნი იდეა ექვსი წლის წინ დაიბადა, როდესაც ერთ-ერთი მონაზონი პროფესორს და მის კოლეგებს შეეკითხა სამკურნალო მცენარეების და მათი თვისებების შესახებ. იდეა მთელი გულით მხარდაჭერილ იქნა არქიმანდრიტ ეფრემის მიერ და საქმეც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
ვატოპედის მონასტერთან არსებული სამკურნალო მცენარეთა კვლევისა და შესწავლის ცენტრის კურთხევა და საზეიმო გახსნა შედგა 2010 წლის 31 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდნენ ვიტერბოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი რობერტო მიჩინილი და რომის უნივერსიტეტის ლექტორი მარკო სარანდრეა.