Συναξαριακές Μορφέςქართულ ენაზე

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა (+ 15/28 აგვისტო)

28 Αυγούστου 2010

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა (+ 15/28 აგვისტო)

ღვთისმშობლის მიძინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად. აიკითხეთ გაგრძელება…

როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუ ჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.

მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.

წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.

სიონობა. სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი ებრაელთა მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი; მაცხოვარმა ამ კურთხეულ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი.

თბილისის სიონის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმთავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებული ყოფილა.

სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დაუნგრევიათ, მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა-განახლება მოსდევდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხოცავდნენ უსჯულოები იმ ქართველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფაზე უარს აცხადებდნენ. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ განაახლეს. XVIII საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა, წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა… აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული დიდი მღვდელმთავარი იოანე მანგლელი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წყარო